17 აგვისტო 2026,   11:50
ვრცლად
"ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას ყველა ხედავდა" - შალვა პაპუაშვილი

ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უწყებაში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხმის ნიმუშის აღების მიზნით, მოწმის სახით არის დაბარებული.

შესვლამდე ახალაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდება, დასამალი არაფერი აქვს, პროცესებში ჩართული არ ყოფილა, 4 ოქტომბერი კი, მისი შეფასებით, მშვიდობიანი აჯანყების დღე იყო.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამნაშავეებს გამოძიება გამოავლენს, თუმცა ის, რომ ბაჩო ახალაია იყო "ნაციონალური მოძრაობის" ნაბიჯების მონაწილე, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას საზოგადოება კარგად ხედავს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, არსებობს თუ არა ბაჩო ახალაიას უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 

"ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მე მგონი, ყველა ხედავდა. ვხედავთ მის მეუღლეს, რომელიც აქტიური არის სოცქსელში.

ის თავად არ ჩანს, მაგრამ ეჭვი არავის გვეპარება, რომ ის [მეუღლე] აჟღერებს სწორედ იმ სათქმელს, რაც ბაჩო ახალაიას აქვს. რა შეეხება იმას, თუ რამდენად, რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ცდილობს დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომ დადგინდეს ყველა დეტალი. ვერ გეტყვით მისი უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არსებობს ან რაში არსებობს, სწორედ ამიტომაც მიდის გამოძიება, მაგრამ მთავარი არის ერთი რამ - რომ, მათ შორის, პარლამენტის მოლოდინი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან არის ერთი, მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, მიაკვლიონ ყველა ორგანიზატორს, მიაკვლიონ ყველა დამფინანსებელს და გარე წამხალისებელს და დააყენონ შესაბამისი პასუხისმგებლობა ყველას მიმართ, მოძალადეების, ორგანიზატორების და სხვათა მიმართ, სადაც დაკმაყოფილდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები