დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, საქალაქო სასამართლომდე ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორი 5 ბრალდებულის ეტაპირება დილის 10 საათისთვის მოხდა.
სხდომათა მე-3 დარბაზში, პროცესს 5-ვე ბრალდებული – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე – ესწრებოდნენ, თუმცა საქმის განხილვა 40 წუთის დაგვიანებით და ადვოკატების შუამდგომლობით დაიწყო. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დარბაზის შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
3 საათნახევრიანი სხდომის განმავლობაში, სიტყვის უფლებით ყველა ბრალდებულმა ისარგებლა. პირველი ისევ პაატა ბურჭულაძე იყო. მას ედება ბრალდება, რომელიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობას მოიცავს. მოსამართლის წინაშე აღიარა, რომ საპრეზიდენტო სასახლის ტერიტორიაზე თავადაც შეიჭრა.
ყოფილი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, რომელიც რევოლუციის საჭიროებაზე დღესაც და თან მოსამართლის თანდასწრებით საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბერს ემოციებს აჰყვა.
დანარჩენ ბრალდებულებთან კავშირი უარყო პაატა მანჯგალაძემ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლების დამხობის ჯგუფურად შემუშავებული გეგმის ავტორებთან საერთო მხოლოდ ერთი ფოტო ჰქონდა.
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ადვოკატები ჯერ სხდომათა დარბაზში, შემდეგ კი
დარბაზს გარეთ ირწმუნებოდნენ, რომ ბრალდებულებს ჯგუფური დანაშაული არ ჩაუდენიათ და არც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას გეგმავდნენ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მოთხოვნა ყველა უფლებადამცველმა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და 5-ვე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
საპირისპიროს ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურატურა, რომელსაც ბრალდებულების წინააღმდეგ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან ერთად საქმეში მოწმეთა ჩვენებებიც აქვს, პატიმრობის მოთხოვნას – მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით ასაბუთებდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობა". სააკაშვილის პარტიის ლიდერები, დღეს განსასჯელის სკამზე მსხდომი თანაგუნდელების პროცესზე დასასწრებად, საქალაქო სასამართლოში დილიდან მივიდნენ.
ოპონენტებს, სახელისუფლებო გუნდიდან, დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ "ქართული ოცნება", კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მსურველებს, 4 ოქტომბრამდეც აფრთხილებდა, რომ კანონი მკაცრად იმოქმედებდა.
ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩენისკენ ყოველდღიურად მოუწოდებდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერთან" ინტერვიუში თქვა, რომ ყველა, ვინც პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი მიიტანა, პასუხს კანონის წინაშე აგებს.
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის, ჯგუფური ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.