20 ივნისი 2026,   05:31
ვრცლად
რეკორდი თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში - სებასტიან ლეკორნუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დანიშვნიდან ზუსტად 27 დღეში დატოვა

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან ზუსტად 12 საათში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისეის სასახლეში მივიდა და პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სებასტიან ლეკორნუმ ვერ მოახერხა იმ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანება, რომელთა მხარდაჭერაც მთავრობის ფორმირებისთვის ესაჭიროებოდა.

მთავრობის კოლაფსს ამ დრომდე არ გამოხმაურებია საფრანგეთის პრეზიდენტი. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის და მინისტრთა კაბინეტის დაშლის პირობებში, ემანუელ მაკრონს შეუძლია მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ახალი ფიგურა წარადგინოს, დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა ან თავად გადადგეს თანამდებობიდან.

ეროვნული ასამბლეის დათხოვნა და პრეზიდენტის გადადგომა უკვე მოითხოვა ოპოზიციურმა პარტიამ "ეროვნულმა გაერთიანებამ." მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ემანუელ მაკრონს აკისრებენ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის პარალელურად, ქვეყანაში საფონდო ინდექსები დაეცა. დოლართან მიმართებით, გაუფასურდა ევრო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ემანუელ მაკრონმა პრემიერის თანამდებობაზე 5 კანდიდატი წარადგინა, თუმცა სტაბილური უმრავლესობის ფორმირება ვერცერთმა ვერ შეძლო, გამონაკლისი არც სებასტიან ლეკორნუ აღმოჩნდა, რომელმაც თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და პრემიერ-მინისტრის პოსტი დანიშვნიდან ზუსტად 27 დღეში დატოვა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები