19 ივნისი 2026,   21:33
ვრცლად
"დაშინება, ძალადობის ფაქტები, ვადაგასული დოკუმენტებით ხმის მიცემა, ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელის შეშლა" - როგორ ჩატარდა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მაია სანდუს პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა

მაია სანდუს პარტიამ მოლდოვის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა. ცესკოს საბოლოო შედეგებით ირკვევა, რომ 101-კაციან პარლამენტში მოქმედი მმართველი ძალა, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია", 55 დეპუტატით შევა.

მეორე ადგილზეა "პატრიოტული ბლოკი", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დონონი ხელმძღვანელობს. მათ ხმების 24% მოიპოვეს და საკანონმდებლო ორგანოში 26 დეპუტატი ეყოლებათ. ცესკოს გამოცხადებულ შედეგს ოპოზიცია აპროტესტებს. "პატრიოტული ბლოკის" მხარდამჭერები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ხმების სამართლიანად გადათვლას ითხოვენ.

"დაშინება, ძალადობის ფაქტები, ვადაგასული დოკუმენტებით ხმის მიცემა, ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელის შეშლა" - ეს არის ის დარღვევები, რომლებიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირდა. არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კენჭისყრის პროცესში 236 კონკრეტული შემთხვევა გამოვლინდა.

2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის 15-მდე პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა. კენჭისყრის ბოლო კვირას სააპელაციო სასამართლომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი პარტია არჩევნებში მონაწილეობიდან მოხსნა - დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების გამო.

პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვასთან ერთად, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს. პოლიციამ ჩხრეკა 250-მდე მისამართზე ჩაატარა.

კიდევ ერთი საქმე, რომელსაც მოლდოვის პოლიცია იძიებს, ე.წ. სომხური კარუსელის სავარაუდო სქემას ეხება. რამდენიმე კვირის წინ, კიშინიოვის ერთ-ერთ სტამბაში, სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს და კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ უკვე შევსებული, ბეჭედდასმული ბიულეტენები აღმოაჩინეს.

დღის ამბები