17 აგვისტო 2026,   11:04
ვრცლად
"მშვიდობიან რევოლუციებს ახდენს ხალხი და არა კონკრეტული ადამიანი ან თუნდაც ადამიანთა ჯგუფი" - ირაკლი ფავლენიშვილი

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის და 4 ოქტომბერს ისევ რევოლუციას აანონსებს. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტნიორები ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს არის ყველაზე ოპტიმალური დრო იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

"მშვიდობიან რევოლუციებს ახდენს ხალხი და არა კონკრეტული ადამიანი ან თუნდაც ადამიანთა ჯგუფი. რევოლუცია ხელოვნურად ვერ მოხდება. ქართველი ხალხი ასეთი გაბრაზებული არასოდეს ყოფილა, ამიტომაც, დიახაც მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს არის ყველაზე ოპტიმალური დრო იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს ეს ბრძოლა. მთელი საპროტესტო ელექტორატი არის სოლიდარული ამ დღის მიმართ", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია არ გამორიცხავს, რომ ისინი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლოა დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც შეუერთდნენ.

"ეს არის ბრძოლა პროტესტით, ბრძოლა არჩევნებით, საერთაშორისო დელეგიტიმაციით და რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, ყველას ვიწვევთ ამ ბრძოლის ყველა სხვადასხვა ფორმაში და მათ შორის, იმისაკენ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე," -აცხადებს გრიგოლ გეგელია.

 

 

 

 

 

დღის ამბები