08 ივნისი 2026,   17:41
ვრცლად
გიორგი კანდელაკის ადვოკატი: ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან გადაგზავნილი შეტყობინებები და სურათები არ ნიშნავს, რომ ის რამეს უთანხმებდა, პირიქით, ამას ჩვენ სამართლებრივად ავხსნით

ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მიმოწერა არ ადასტურებს, რომ ბორის გოგიჩაიშვილი გიორგი კანდელაკთან შეთანხმებით მოქმედებდა.

"გიორგი სრულიად უდანაშაულოა წარდგენილ ბრალთან მიმართებაში. რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, - ავადმყოფი ადამიანის ჩვენება გახდა გიორგი კანდელაკის დაკავებისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, - ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებასთან დაკავშირებით მაქვს საუბარი. ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან გადაგზავნილი შეტყობინებები და სურათები არ ნიშნავს, რომ ის რამეს უთანხმებდა, - პირიქით. ამას ჩვენ სამართლებრივად არამარტო ავხსნით, არამედ დავადასტურებთ გიორგის დისტანცირებას," - აცხადებს გიორგი კანდელაკის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

კიდევ ერთი დაკავებულის, გრიგოლ ქავთარაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია კი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს მათთან დაკავშირებით, სავსებით საკმარისი იყო სასამართლოს გამოეყენებინა გირაო. თითოეულმა ჩვენმა კოლეგამ და, მათ შორის, მეც საკმაოდ სოლიდური გირაო შევთავაზეთ, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა," - აცხადებს გრიგოლ ქავთარაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია.

საქმის პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი კი აცხადებს, რომ ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. მისივე თქმით, არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ხოლო თუ დადგინდება რეალიზებაც, ბრალი ამ კუთხითაც დაზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, გიორგი კანდელაკს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი კანდელაკისთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის, ყოფილმა მოკრივემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

იქამდე, საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები