აკაკი ფოფხაძის სრულმეტრაჟიანი ფილმი "სისხლის სახელით" ოჯახური დრამისა და შურისძიების ელემენტებით გაჯერებული თრილერია, რომელიც საფრანგეთში ქართული დიასპორის ირგვლივ ვითარდება.
ფილმის პირველივე კადრი ნიცის პეიზაჟს გვაჩვენებს, რომელიც სინამდვილეში სარეკლამო ბილბორდია, მალევე რაკურსი რადიკალურად იცვლება და ლაჟვარდოვანი ცისა და პალმების მიღმა, კრიმინალური დრამა ვითარდება.
მისი მსოფლიო პრემიერა 2024 წელს სან სებასტიანის ფესტივალზე შედგა და მას შემდეგ, მსოფლიოს არაერთ კინოთეატრში აჩვენეს.
აკაკი ფოფხაძე 13 წლიდან ნიცაში ცხოვრობს. ემიგრაციაში გატარებული წლები შთაგონების წყარო აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების შემდეგ "დიდი" კინო გადაეღო.
გამოგონილ ამბებს შორის, მაყურებელი რეალურ ისტორიებსაც ნახავს. რეჟისორის თქმით - სურდა, ძალადობისა და შურისძიების მარცხის შესახებ მოეთხრო, ეჩვენებინა რა იმალება პალმების, კაზინოებისა და პლაჟების მიღმა.
გადაღებების ძირითადი ნაწილი საფრანგეთში მიმდინარეობდა, რამდენიმე სცენა რეჟისორმა საკუთარ სამშობლოშიც გადაიღო. ფილმში ფრანგებთან ერთად, მაყურებელი ქართველ მსახიობებს - ია შუღლიაშვილსა და თემიკო ჭიჭინაძეს იხილავს.
მაყურებელს, აკაკი ფოფხაძის სრულმეტრაჟიანი ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 11 სექტემბრიდან შეუძლია.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.