შევა თუ არა პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში და შეწყდება თუ არა 10-თვიანი ბოიკოტი - ცნობილია გახდა, რომ გახარიას პარტიის რვა წევრმა, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა.
"ამ 12 პირისგან მივიღეთ 8 პირის წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ. ანუ, სავსებით ლოგიკური დასკვნა აქედან - ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ პარლამენტში ფიზიკურად შემოვიდნენ. ამას თუ დავამატებთ იმ გარემოებას, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მათმა ლიდერმა, გახარიამ შეცდომა უწოდა მათი მხრიდან პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას და პარლამენტში არ შემოსვლას, პოლიტიკურად სავსებით ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ეს მზადება, ეს დოკუმენტი არის იმისთვის, რომ მათ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტის წევრის ადგილი და გამოიყენონ ეს საპარლამენტო რესურსი.
ჩვენ უნდა დაველოდოთ 15 ოქტომბერს, როდესაც განახლდება სესიები საქართველოს პარლამენტში და იქ უკვე გაცხადდება, ეს ადამიანები რას აპირებენ. არც ტყუილი გვიკვირს ჩვენ ამ პარტიისგან, არც ნათქვამის გადათქმა, არც ღალატი და გაქცევა - ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე