19 ივნისი 2026,   14:27
ვრცლად
ტრამპი ბრიტანეთის წინააღმდეგ - მიზეზი სტარმერის მთავრობის მიერ სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი ახალი კანონია

ტრამპი ბრიტანეთის წინააღმდეგ - მიზეზი სტარმერის მთავრობის მიერ სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი ახალი კანონია. ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერს უკვე ესაუბრა და ზომების მიღებისკენაც მოუწოდა.

ბრიტანეთში ამოქმედებული კანონი, რომელიც ვაშინგტონის კრიტიკის სამიზნე გახდა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სტატუსებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, პატიმრობას და ჯარიმას ითვალისწინებს. საუბარია პოსტებზე, რომლებმაც შესაძლოა ძალადობა წაახალისოს.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული კანონი კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც X-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომელიც ტრანსგენდერი ქალების წინააღმდეგ იყო მიმართული, ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში, ძალადობის წაქეზების ბრალდებით ირლანდიელი კომიკოსი გრეემ ლინეჰანი დააკავეს.

ლონდონში მიღებულ კანონზე სასაუბროდ, ვაშინგტონში ჩავიდა ბრიტანელი ოპოზიციონერი ლიდერი ნაიგელ ფარაჯი. ტრამპთან აუდიენციის შემდეგ "რეფორმების" პარტიის ხელმძღვანელი ამერიკის კონგრესში მოხსენებით გამოვიდა. მოსმენა ევროპაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს მიეძღვნა. ფარაჯმა ამერიკელ კონგრესმენებს უთხრა, რომ მის ქვეყანაში მოქალაქეებს ონლაინ პლატფორმებზე საკუთარი აზრის გამოთქმის გამო აკავებენ. კონკრეტულ მაგალითად კი, ირლანდიელი კომიკოსის საქმე დაასახელა.

კონგრესის იურიდიულ კომიტეტში, ამერიკელმა კანონმდებლებმა და მოწვეულმა მომხსენებლებმა განიხილეს, თუ რა საფრთხეებს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ევროპაში მიღებული ზომები, კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს "ონლაინ უსაფრთხოების აქტი" და ევროკავშირის "ციფრული სერვისების კანონი".

კრიტიკის მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობა მიღებული კანონის გაუქმებას არ გეგმავს. დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციაში განმარტავენ, რომ ზომების მიზანი ყოველდღიურად მოქალაქეების დევნა არ არის და ის იმ საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, რომელიც ძალადობის პირდაპირი წაქეზებასთან, ტერორიზმთან და ბავშვთა ექსპლუატაციასთანაა დაკავშირებული.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები