20 ივნისი 2026,   01:14
ვრცლად
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად, პეკინში, გლობალური სამხრეთის თითქმის ყველა ლიდერი ჩავიდა - ცერემონია ქვეყნის პრეზიდენტმა გახსნა

სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად, პეკინში გლობალური სამხრეთის თითქმის ყველა ლიდერი ჩავიდა.

აღლუმს, რომელიც მსოფლიო ომში იაპონიაზე ჩინეთის გამარჯვების 80 წლისთავს მიეძღვნა, რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ირანის, თურქეთის, სერბეთის, ყაზახეთის და ბელორუსის პრეზიდენტებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.

ცერემონია ქვეყნის პრეზიდენტმა გახსნა, სი ძინპინი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ათობით ათას სამხედროს ავტომობილიდან მიესალმა, რის შემდეგაც ტრიბუნაზე გადაინაცვლა და მსოფლიოში ჩინეთის როლისა და მშვიდობის შესახებ ისაუბრა.

აღლუმის შემადგენელი ნაწილი გახდა სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება, შეიარაღებას შორის იყო ასობით თვითმფრინავი, ტანკი, ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და წყალქვეშა დრონები. მედია წერს, რომ წარმოდგენილი იარაღის ზოგიერთი სახეობის არსებობის შესახებ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ქვეყნების ლიდერებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა პეკინის ცენტრი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ერთად ერთი ავტომობილით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით უმცროსმა კიმმა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მხარდაჭერა აღუთქვა, რუსეთის პრეზიდენტმა კი ის მოსკოვში დაპატიჟა.

პეკინში მიმდინარე აღლუმს, ვაშინგტონიდან გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა გამარჯვების დღე ""თრუს სოუშალის"" გვერდზე მიულოცა სი ძინპინს და სთხოვა უთბილესი მოკითხვა გადაეცა ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინისთვის, რომლებიც ტრამპის აზრით შეთქმულებას აწყობენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

დღის ამბები