"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ასპინძის მუნიციპალიტეტში როსტომ მაგრაქველიძეა. რვა წელი მერის თანამდებობაზე და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები რომლის დაძლევასაც მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში გეგმავს. 4 ოქტომბერს, გამარჯვების შემთხვევაში დაწყებული პროექტების დასრულებას გეგმავს. მოქმედი მერი პრიორიტეტად ჯანდაცვასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სრულად გაზიფიცირებასა და 24 საათიან წყალმომარაგებას ასახელებს.
ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, დაათვალიერა რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი, ახალი სკოლა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯამში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. რეაბილიტირდა 5 საჯარო სკოლა. მელქონმაკარიანი უკვე 4 წელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს და ახლაც ქართული ოცნების მერობის კანდიდატია. სოფელ ხანდოში მერმა გზის მშენებლობის პროცესი მოინახულა. ამბობს რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურაა.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია. სოფელ ალასტანში ახლად გარემონტებული სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად არის.
ახალქალაქში ეწყობა სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცეები. ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მესამე ვადით აპირებს უხელმძღვანელოს მუნიციპალიტეტს. ქართული ოცნების კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას გუნდთან ერთად გეგმავს. მისი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე დაიგო.
სოფლების უმეტესობა უკვე გაზიფიცირებულია, მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი სოფლის მეურნეობის განვითარება და ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებაა. აქტიურად მიმდინარეობს ნინოწმინდის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციაც. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ანივარდ მოსოიანისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთის 6-ვე მუნიციპალიტეტში დასახელებული "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები, აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებენ.
ავტორი: სიმონ შანავა.