24 აგვისტო 2026,   01:20
ვრცლად
ეს არის წარმოუდგენელი რაღაც, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამას წერტილი უნდა დაესვას - ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეების მხრიდან ტურისტზე თავდასხმაზე

პოლიტიკური შეფასებების თემაა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი ინციდენტი. "ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი ინფორმაციით, ჩანს როგორ დაესხნენ თავს აქციის მონაწილეები ამერიკის მოქალაქეს, რომელიც მათ რუსი ტურისტი ეგონათ.

პოლიციამ ვითარება მალევე განმუხტა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება, მმართველ გუნდში კი მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობენ.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებლის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, კანონი უნდა კანონობდეს ყველას მისამართით.

"გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო თითქოსდა ჩვეულებრივი გზის გადაკეტვა, ამასაც მოვესწარით რომ უკვე ჩვეულებრივსაც ვეძახით. გარკვეული ადამიანების რაღაც რაოდენობა, დაახლოებით 50 - 60 ადამიანი, დროშებით და ამ ჯგუფიდან ვიღაცამ დაიძახა - "არიქა რუსი მოდის". მიდიოდა ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ტურისტი. მას გაეკიდნენ, ისე როგორც ბრბო იქცევა, ჩასაქოლად, გასალახად, მოსაკლავად, კაცმა არ იცის რას უპირებდნენ და უბრალოდ პატრული იყო იქვე და ეს ხალხი ჩაერია და მათ განარიდეს ეს ადამიანი და მათაც არ მისცეს საშუალება, რომ თავდასხმა მომხდარიყო. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. კანონი უნდა კანონობდეს ყველას მისამართით და ვინმე თუ რამეს აშავებს, მათზე უნდა იყოს რეაგირება", - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები