ქალაქ ღაზაზე და მის მიმდებარედ ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის 9 წლის ბავშვი. ის დაბომბვაში იმ დროს მოჰყვა, როდესაც ოჯახისთვის საკვების ასაღებად მიდიოდა.
ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმის ფარგლებში, ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს და მის გაფართოებასაც გეგმავს. ნეთანიაჰუს მთავრობა ანტიტერორისტული მიზნებისთვის მსგავს ღონისძიებას გამართლებულად მიიჩნევს. ოფიციალური განმარტებით, ისრაელის არმია უტევს "ჰამასის" პოზიციებსა და მიწისქვეშა გვირაბებს. ტერორისტებთან ბრძოლის ფონზე, პალესტინური ანკლავი მასობრივმა შიმშილმა მოიცვა. ყოველდღიურად ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბლოკადაში მყოფი მოქალაქეები, საკვების მისაღებად, მრავალსაათიან რიგში დგანან.
"ისრაელს არ აქვს შიმშილის პოლიტიკა", - ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ისრაელმა ღაზას სექტორში 2 მილიონი ტონა დახმარება დაუშვა, რაც ერთ სულ მოსახლეზე 1 000 კილოგრამზე მეტია. გაეროს მონაცემებით კი, კონფლიქტის ზონაში შიმშილით და საკვების დეფიციტით უკვე 281 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები. ამის გამო, არაერთ ქვეყანაში ისრაელის ხელისუფლებას მასშტაბური დემონსტრაციებით აკრიტიკებენ.
ნეთანიაჰუს მთავრობას აკრიტიკებენ ქვეყნის შიგნითაც. გუშინ, თელ-ავივში ასეულობით ადამიანი ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, მათ შორის იყვნენ "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები. დემონსტრაციაზე მკაცრად გააკრიტიკეს გეგმა ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ.
"ჩვენი ტრაგედია მისი სტრატეგიაა" - ამ შინაარსის საპროტესტო ბანერებით შეიკრიბა ხალხი, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს სამშვიდობო შეთანხმების დადებას, ტყვეების დაბრუნებასა და ომის დასრულებას სთხოვს.
გლობალური შიმშილის მონიტორის დასკვნით, სავარაუდოდ, 514,000 ადამიანი, ანუ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების თითქმის მეოთხედი შიმშილობს და სექტემბრის ბოლოსთვის ეს რიცხვი 641,000-მდე გაიზრდება.
გარდა ამისა, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 62 ათასს გადააჭარბა.
ციფრებს მანიპულირებულს უწოდებს ისრაელი, რომელმაც ღაზას სექტორში ხისტი სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც, 2023 წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასის" ტერორისტები სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ და სასტიკი თავდასხმა მოაწყვეს - მოკლეს 1 200 ადამიანი და 250 მძევლად აიყვანეს.