პარტიაში "გახარია - საქართველოსთვის" არ გამორიცხავენ, რომ მათი მაღალი კლასის პოლიტიკური ტაქტიკისა და მანევრების აღსაქმელად, შესაძლოა, ქართული ელექტორატი უმწიფარი იყოს. პოლიტიკურ პარტიაში, რომელმაც "ლელოსთან" საარჩევნო მემორანდუმი გააფორმა და მოქალაქეებს ზეპარტიულ კანდიდატებს ჰპირდებოდა ამტკიცებენ, რომ დედაქალაქის მერად ირაკლი კუპრაძის, სხვა პოსტებზე კი ასევე პარტიული სახეების წარდგენა ქართული პოლიტიკისთვის რევოლუციური სიახლეა.
ოპონენტების ინტელექტუალური და პოლიტიკური შესაძლებლობები დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძის აზრით, ოპოზიციის სისუსტე მათ არათანმიმდევრულობაშიც იკითხება, რაც 64-ვე თვითმმართველობაში, "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა იქნება.
ის, რაც მმართველი გუნდისთვის დაპირების შეუსრულებლობა და არათანმიმდევრულობაა, პარტიული ფილოსოფიის ნაწილია "ლელოსთვის". ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში განმარტავენ, რომ დაპირება უპარტიო კანდიდატებზე მხოლოდ ახალი სახეების მოზიდვის მიზნით გაკეთდა.
კუპრაძე, ელისაშვილი შარაშიძე, ხვედელიანი - დედაქალაქის მმართველობის ოპოზიციონერ პრეტენდენტებში ახალ სახეს მმართველ გუნდში ვერ ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობისთვის "ლელოსა" და "საქართველოსთვის" საქმიანობა მხოლოდ პოლიტიკურ ავანტიურას უკავშირდება.
მუნიციპალური არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. 64 თვითმმართველ ერთეულში, მერებთან ერთად, საკრებულოს ახალ წევრებსაც აირჩევენ.