ზელენსკის უპირობო თანხმობა და პუტინის დუმილი - ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან 48 საათი გავიდა, მსოფლიო კი ისევ რუსეთის პრეზიდენტის პასუხს ელოდება. მსჯელობენ - სად და როდის შეიძლება გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკება. მასპინძლობის მსურველი ქვეყანა ბევრია - შვეიცარია, თურქეთი, იაპონია, ბელორუსი და უნგრეთი. ახლა პრეზიდენტების პასუხს ელოდებიან.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა უკვე გამოთქვა. დაპირისპირებული ქვეყნების სწორედ ჟენევაში შეხვედრას უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვარიანტად თავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან განიხილება უნგრეთიც, თუმცა, ბუდაპეშტი არ მოსწონს პოლონეთს. უკრაინის მხრიდან მტკიცე უარია მინსკსა და მოსკოვზე - BBC-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას შეხვედრის ადგილად სწორედ რუსეთი შესთავაზა. მსოფლიო ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოოდ, მხარეები თურქეთზე შეთანხმდნენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრები სწორედ სტამბოლში იმართება.
ვლადიმერ პუტინს ჯერ არაფერი დაუდასტურებია, თუმცა, კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სწორედ უკრაინის საკითხი განიხილა. დღის ბოლოს მსჯელობის საგანი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც. სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ზელენსკის პუტინთან შეხვედრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, რადგან ასეთ მოლაპარაკებებს კარგი და საფუძვლიანი მომზადება სჭირდება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მსოფლიო ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ მსჯელობს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა. სწორედ ამ თემაზე სამსჯელოდ აპირებენ შეკრებას ნატო-ს სამხედრო მეთაურები. მედიის ინფორმაციით, 10-მდე ქვეყანამ გამოთქვა მზაობა, უკრაინაში თავისი ჯარი გაგზავნოს. ამ სახელმწიფოებს შორის არ არის აშშ. დონალდ ტრამპმა დღეს კიდევ ერთხელ, კატეგორიულად გამორიცხა, აშშ-ის ჯარის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება. მარკ ლევინთან სატელეფონო ინტერვიუში ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა წინამორბედებიც გააკრიტიკა და ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.
სანამ მსოფლიო ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების სავარაუდო ადგილსა და თარიღზე მსჯელობს, აშშ-ის პრეზიდენტი მათ შეხვედრას უკვე აორგანიზებს, თუმცა, თეთრი სახლიდან დეტალები არ საჯაროვდება.