ბრიუსელის მოთხოვნებზე თბილისის პასუხი მკაფიოა - ევროპულ გაერთიანებას საქართველო ტრადიციული ფასეულობებით უნდა შეუერთდეს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქართველ ხალხთან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები კი ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაშია.
უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები - ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის მოთხოვნას ეთანხმება. მეორე ნაწილს კი, კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივით, კონსტიტუციით გამყარებულია, ამ ფონზე კი ევრობიუროკრატები საქართველოს მოსახლეობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ მიღებულ კანონებს ევროინტეგრაციასთან და უვიზოდ მიმოსვლის საკითხთან, კავშირი არ აქვს.
მმართველ გუნდში აქცენტს, ხელისუფლების უცვლელ, ევროპულ კურსზე აკეთებენ და თავად ევროპელ პოლიტიკოსებს კი ურჩევენ, რომ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებს, თავი შეიკავონ.