24 აგვისტო 2026,   07:46
ვრცლად
ითხოვს თუ არა შვედეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ყველა კანდიდატი ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან - საელჩომ "კურიერის" წერილობით კითხვას უპასუხა

ითხოვს თუ არა შვედეთი უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თანაბრად, ყველა კანდიდატი ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან - საელჩომ დუმილი მეხუთე დღეს დაარღვია და "კურიერის" წერილობით კითხვას მხოლოდ ზოგადი განმარტებით უპასუხა. დიპლომატიური მისიის განცხადებით, უმცირესობის უფლებების სამართლებრივი დაცვა ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობაა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კი სოციალურ ქსელში აქცენტი სწორედ იმაზე გააკეთა, რომ უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არც დაქორწინება შეუძლიათ და არც რეგისტრირებული პარტნიორობის დამყარება. საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას კი ვალდებულება უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ევროკავშირზე და ევროპულ ფასეულობებზე მცდარი წარმოდგენის შექმნას ემსახურება.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება რომ თავად ევროკავშირის ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ამაზე ოპოზიციაც თანხმდება, თუმცა "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, მათი ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი მოთხოვნა საქართველოს მიმართ, დღის წესრიგში არ დადგება.

უმრავლესობის თქმით, ევრობიუროკრატების არასწორი დამოკიდებულებები არა მხოლოდ ომში მყოფი უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც არაერთხელ გამოჩნდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამაზე მიუთითებს კონკრეტული კანონების გაუქმებისკენ მოწოდებებიც, რაც ირიბად, სწორედ მსგავსი მოთხოვნების წაყენებაა.

დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესია ოჯახური ღირებულებების დაცვა, ამავე სახელწოდებით მიღებულ კანონს კი სწორედ პრევენციული დატვირთვა აქვს.

განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა ულფ კრისტერსონმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, როდესაც საკუთარ რეზიდენციაში ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და ვეტერანებს უმასპინძლა.

დღის ამბები