08 ივნისი 2026,   22:31
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის თაღლითობის საქმე - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ლაშა ცანავას წინააღმდეგ, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვას ედავებიან

სამწუთიანი ფარული ვიდეო მასალა თაღლითური დანაშაულის ერთ კონკრეტულ ფაქტს ასახავს. კადრები, რომელიც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაიღეს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში 1 წლიანი ბინადრობის უფლებას გარანტირებულად ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი 5 600 დოლარის გადახდას სთავაზობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დღეს დილით ბრიფინგზე გაავრცელა. სისხლის სამართლის დანაშაულის დეტალებსა და მოპოვებულ მტკიცებულებებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში სააკაშვილის გუნდის წევრი 5600 დოლარის გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ბინადრობის უფლების მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტსა და საბუთს ითხოვს. კადრებში მალევე ჩნდება მოთხოვნილი თანხის გარკვეული ოდენობაც, რომელსაც ცანავა ადგილზე ითვლის.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ნაწილ-ნაწილ გადახდილ 2 650 დოლარს მოტყუებით დაეუფლა. ლაშა ცანავა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ფარული აუდიო-ვიდეო მასალის გარდა, გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმეში დოკუმენტებიც მოიპოვეს.

გამოძიების მიერ მოპოვებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულების მიუხედავად, ლაშა ცანავას დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ "ნაციონალური მოძრაობაში". პარტიაში დღეს დაკავებული თანაგუნდელის ბრალეულობაზე არაფერი უთქვამთ.

მმართველ გუნდში ეჭვი აქვთ, რომ ლაშა ცანავა უკანონო საქმიანობით მოპოვებული თანხით "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა. მათ ამ ეჭვს საჯარო წყაროებიდან მოპოვებული დოკუმენტი უმყარებს, საიდანაც ირკვევა, რომ ლაშა ცანავა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. მან საკუთარ პარტიას მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში 50 000 ლარი შესწირა.

მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრს, რომელიც თაღლითობაშია მხილებული, ბრალის დადგენილებას სუს-ის შენობაში ხვალ გააცნობენ. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები