08 ივნისი 2026,   22:29
ვრცლად
კოკაიანი, მეტადონი, მარიხუანა, ალფა პევეპე - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 16 პირი, მათგან 7 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

კოკაიანი, მეტადონი, მარიხუანა, ალფა პევეპე - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 16 პირი, მათგან 7 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული სამართალდამცველებმა კუს ტბის მიმდებარედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ე.წ. დადების მეთოდით, ნარკოტიკების რეალიზაციას გეგმავდა. დაკავებული პირი ფანჯაკ კუმარია. ის ინდოეთის მოქალაქეა.

16 პირის დაკავებამდე, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა. გავრცელებულ ფარულ აუდიო- ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, როგორ აწვდიან ნარკოტიკს მომხმარებლებს და სანაცვლოდ კლიენტისგან თანხას იღებენ.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაკავებულების საცხოვრებელ სახლებშიც. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია 54 წლის მამაკაცი, რომელიც ე.წ. ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობდა. მისთვის განკუთვნილ სუბოქსინის დოზას ჯერ სამედიცინო დაწესებულებიდან იღებდა შემდეგ კი, ფარულად სხვა პირებზე ყიდდა.

"კურიერი" დღეს მის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა. ბრალდებულის ოჯახის წევრი, რომელსაც საჯაროდ გამოჩენა არ სურს, ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ, მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებების გარდა, საქმეში დევს რეალიზაციისგან მიღებული თანხა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩენილია ის სათბურებიც, სადაც ნარკოტიკული საშუალებების, მარიხუანასა და კანაფის კულტივირებას ახდენდნენ. დაკავებული 16 პირიდან 14 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ 16 პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები