08 ივნისი 2026,   22:30
ვრცლად
"ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო და არ აღიარებს" - თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წაუყენეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ბურჭულაძის ახლო ნათესავს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 2023 წელს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე შესყიდვაზე, რის შედეგადაც სახელმწიფოს 1 300 000-ზე მეტი ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიების საქმის მასალების გაცნობამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი დაკავებულის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა გააკეთა.

"ვლადიმერ ღუდუშაურს ვიცავ, ახლა შევდივარ ბრალის წარდგენაზე, ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ჯერ მას არ შევხვედრილვარ - პროცედურულ ნაწილზე და ამასთან დაკავშირებით, მოგაწვდით ინფორმაციას", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

ვასილ მხეიძის ადვოკატის,ზაალ გურასაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

"ოფიციალურად ბრალი არის, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის - მითვისება, გაფლანგვის, კონკრეტულად კი გაფლანგვის მუხლით. მასალები ჯერ არ გადმომცემია, არ ვიცნობ ამ მასალებს, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო და არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები