მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება "მტკიცე სული 2025" (Agile Spirit 2025) ოფიციალურად 25 ივლისს გაიხსნა. სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა. ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.
ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით - ქართული წარმოების "დიდგორი" და "კობრა".
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება "მტკიცე სული 2025" (Agile Spirit 2025) 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს. Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.