ტულსი გაბარდმა "ფოქს ნიუსს" მორიგი სკანდალური ინტერვიუ მისცა. ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლებს გავლენა შტატების უსაფრთხოების სამსახურში დღემდე აქვთ, თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. გაბარდმა კორპორაციების ინტერესებზე საუბარი ბარაკ ობამას თემით დაიწყო. სპეცსამსახურის დირექტორმა 44-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, სწორედ "დიფ სთეითის" დავალებით მოქმედებაში დაადანაშაულა. თქვა, რომ ტრამპის იმიჯის დისკრედიტირება 2016 წელს ობამამ მისთვის რუსეთთან კავშირის დაბრალებით სცადა.
"დიფ სთეითის" სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ე.წ. კორპორაციების გაშიფრულ ბრძოლის მეთოდზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის თქმით, არასასურველი პოლიტიკური ძალისთვის დეზინფორმაციული იარლიყის მიწებება და შემდგომ, მართული პოლიტიკოსების დახმარებით, ტირაჟირება, ქართული რეალობისთვის კარგად ნაცნობი მეთოდია.
ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი "დიფ სთეითის" პრობლემის აღმოფხვრაზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრებს მართავს, იუსტიციის დეპარტამენტს მტკიცებულებებს აწვდის და ობამას დაპატიმრებასაც არ გამორიცხავს. ამ ფონზე, ქართული ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ "დიფ სთეითი" და კორპორაციული ინტერესები, რომელიც გავლენას მსოფლიოზე ახდენს, არ არსებობს.
ქართულ ოპოზიციას, მათ ლობისტებს და ევროპელ ბიუროკრატებს ე.წ. ჩრდილოვანი ძალების ინტერესების გამტარად მიიჩნევს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში 2012 წლიდან დღემდე წარმოებული კამპანიაც გაიხსენეს და თქვეს, რომ ოპოზიცია, "დიფ სთეითის" სტილის სრული დაცვით, წლებია, "ოცნებისთვის" რუსეთთან თანამშრომლობის დაბრალებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცდილობს.
ტულსი გაბარდმა, "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუს შემდეგ, მტკიცებულებები იუსტიციის დეპარტამენტს უკვე გადასცა. დაზვერვის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მალევე, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეორგოლით გამოეხმაურა, სადაც ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში აპატიმრებენ.