08 ივნისი 2026,   21:32
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.  ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

"დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1988 წელს დაბადებულმა მოქალაქე ზ.მ.-მ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უკანონო ქმედების, კერძოდ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა. გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები