თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას დღეს გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან. მისი გამოკითხვა ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
ძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების საქმეზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. ოფიციალური განმარტების თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლის საგანს წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
გუშინ უწყებაში თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოიკითხა.
"უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოვისმინეთ ბატონი გახარიასგან, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არსებობს, გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, ვინაიდან ამ ერთ საგუშაგოს, რომელიც ერთპიროვნულად ბატონმა გახარიამ იქ ჩადგა, საპასუხოდ მოჰყვა 5 საგუშაგო ჩვენი ოკუპანტების მხრიდან და ერთი მილიონი კვადრატული მიწის დაკარგვა. ამას სამართლებრივი შეფასება აუცილებლად უნდა მიეცეს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.