ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია. ჰესი ტიბეტის პლატოს აღმოსავლეთ კიდეზე შენდება. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული პროექტი ჩინეთის ძალისხმევის ნაწილია განახლებადი ენერგიის გაფართოებისა და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიმართულებით.
ხუთი კასკადური ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კაშხალი იარლუნგ ზანგბოს მდინარის ქვედა წელზე განთავსდება და შესაძლოა გავლენა იქონიოს ინდოეთსა და ბანგლადეშში მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე, რომლებიც მდინარის პირას ცხოვრობენ.
ჩინეთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს "საუკუნის პროექტად“ მოიაზრებს და თვლის, რომ "ზიანის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს დაცვას“.
ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანი იქნება იძულებით გადაადგილებული პროექტის გამო ტიბეტში ან როგორ იმოქმედებს ის ადგილობრივ ეკოსისტემაზე, რომელიც პლატოზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია.