08 ივნისი 2026,   22:31
ვრცლად
300 დაკავებული ნარკორეალიზატორი და ბოლო 6 თვეში ამოღებული 450 კგ ნარკოტიკი - "კურიერი P.S."-მა სხვადასხვა სახის ნარკოტიკის განადგურების პროცესი გადაიღო

მიკროავტობუსში, რომელსაც პატრული და დაცვის პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებენ, დიდი ოდენობით ნარკოტიკია. ეს მხოლოდ ნაწილია - 450 კილო ნარკოტიკი, რომელიც რეალიზატორებს შავ ბაზარზე უნდა გაეყიდათ. დამნაშავეებს სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გამდიდრების გეგმა მკაცრმა სასჯელმა შეუცვალა - უმრავლესობას ციხეში უვადოდ ყოფნა მოუწევს. განაჩენები დამდგარია, რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებისგან ამოღებული ნარკოტიკები, როგორც რეალიზატორების წინააღმდეგ მთავარი ნივთმტკიცება, განადგურებისთვის მზად არის.

"კურიერი P.S."-მა საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ამოღებული ნარკოტიკების მხოლოდ ნაწილის განადგურება გადაიღო. მიმდინარე სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში კიდევ ბევრი ნარკოტიკი დაიწვება.

სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების განადგურებას მუდმივმოქმედი კომისიის წევრები დაესწრნენ, მათ შორის, პროკურატურიდან. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკებს - მთავრობის პოლიტიკას ყველა უწყება მხარს უჭერს.

ნარკომანიის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი რგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყების ანგარიშზე მხოლოდ მიმდინარე წელს 300-მდე რეალიზატორის დაკავებაა. გამოწვევად რჩება ნარკოტიკების გავრცელების გზები.

უკომპრომისო ბრძოლა გამკაცრებულ კანონებს და მიდგომებს გულისხმობს მომხმარებლებისთვისაც. ახალი რეგულაციით, ნარკომომხმარებელს პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. განმეორებით კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც იძულებით მკურნალობასაც გულისხმობს.

რას შეიცავს და რა შედეგი მოჰყვება ქართულ შავ ბაზარზე არსებული ნივთიერებების მოხმარებას - "კურიერი P.S." საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მივიდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ხშირად, მომხმარებლებმა არ იციან რეალურად რა შემადგენლობა აქვს მათ მიერ შეძენილ ნარკოტიკს.

დღის ამბები