21 ივნისი 2026,   11:05
ვრცლად
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი მარტოხელა ადამიანებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ქრისტიან მიცკოსკიმ, ქვეყანაში შობადობის შემცირების გამო შეშფოთება გამოთქვა და საკითხის მოგვარების უჩვეულო ინიციატივით გამოვიდა. პრემიერის თქმით, მისი მთავრობა დაუქორწინებელი მამაკაცებისა და ქალებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას განიხილავს.

სამთავრობო ღონისძიებაზე - "დემოგრაფიული ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლო გადაწყვეტილებები, დემოგრაფიული წინააღმდეგობის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება", პრემიერ-მინისტრმა მიცკოსკიმ განაცხადა, რომ დროა ისეთი ქვეყანა შეიქმნას, სადაც მეტი ახალგაზრდა დაქორწინდება, რომლებსაც მეტი შვილი ეყოლებათ.

მიცკოსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის პრობლემა, არამედ მთელი ევროპის და მის ფარგლებს გარეთაც კი გამოწვევაა.

"მოდით, ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც იმედი პასპორტზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ დაუქორწინებელი მამაკაცებისა და ქალებისთვის დამატებით გადასახადებზე", - თქვა მიცკოსკიმ.

მისივე თქმით, 2024 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში 16 061 ბავშვი დაიბადა, ხოლო 20 201 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კი, მხოლოდ ერთ წელიწადში 4 140 ადამიანით ბუნებრივი კლებაა.

"შობადობის მაჩვენებელი 2010 წლის 12,5 პროცენტიდან 2024 წელს მხოლოდ 8,8 პროცენტამდე შემცირდა", - აცხადებს ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი.

მისი თქმით, მისი მთავრობის ბრძოლაა, რომ "სიცოცხლე უფრო ღირებული გახადოს, დედობა კურთხევად და არა ტვირთად იქცეს და ახალგაზრდებს მისცეს ქვეყანაში დარჩენის მიზეზები".

"დროა ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მეტი ბავშვი დაიბადება. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მეტი ახალგაზრდა დაქორწინდეს და მეტი შვილი გააჩინოს, ხოლო ისინი, ვინც სხვაგან წავიდა, დაბრუნდნენ", - თქვა მან.

დღის ამბები