ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები ბათუმში აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, რომელიც თურქეთის მოქალაქისთვის 3 მილიონ ამერიკულ დოლარად უკანონოდ უნდა მიეყიდა.
ზღვისპირა ქალაქში ჩატარებულ ღონისძიებაში ჩართული იყო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული ბირთვული მასალა, მისი სიმძლავრისა და რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების გათვალისწინებით, გამოსადეგი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმისა და ფატალური შედეგის დადგომისთვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ბრალდებულების ეტაპირება საქალაქო სასამართლოში 3 საათზე მოხდა. მანამდე თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს. მათ რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვას, ფლობასა და განკარგვას ედავებიან.
წარდგენილ ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს. აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, სასამართლო პროცესზე სიტყვით არც თურქეთის და არც საქართველოს მოქალაქეებს უსარგებლიათ. მოსამართლე დავით კურტანიძეს, შუამდგომლობით, მხოლოდ ადვოკატებმა მიმართეს და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან ალტერნატივის სახით გირაო მოითხოვეს.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა. პროკურატურა პროცესზე პატიმრობის შეფარდებას- განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხის გამო ითხოვდა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. მანამდე კი 2 დაკავებულს, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.