2024 წელს ევროკავშირმა რუსული გაზის შეძენაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე. ამის შესახებ გაზეთ "La Repubblica"-სთან ინტერვიუში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა განაცხადა. ინფორმაციას EADaily ავრცელებს.
"2024 წელს რუსეთის მიერ გაზის შესაძენად დახარჯული თანხა უკრაინისთვის გაწეულ მთლიან დახმარებას აღემატებოდა", - თქვა იორგენსენმა და ფაქტს "პარადოქსი" უწოდა.
ამავდროულად, ევროკიმისარმა გაიხსენა, რომ ევროკომისიის მიზანია 2027 წლისთვის რუსული გაზისგან სრულად უარი თქვას.
"ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეცდომა არ გავიმეოროთ და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავიდეთ, ამიტომ ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას ვახდენთ. ახლა ჩვენი პირველი გაზის მიმწოდებელი ნორვეგიაა, შემდეგ აშშ და ამ ეტაპზე ამით კმაყოფილები ვართ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მარაგებზე ვართ დამოკიდებული, ვცდილობთ, უფრო დაბალ ფასად მივიღოთ და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მოცულობების გაზრდის მიზნით, თუმცა ამას შეზღუდული მოქმედების ვადა აქვს, რადგან ამ დამოკიდებულების დაძლევას განახლებადი წყაროებისა და ბირთვული ენერგიის მეშვეობით ვაპირებთ", - განაცხადა ევროკომისარმა.
დენ იორგენსენი იმედოვნებს, რომ ეს გეგმა ევროპელი მომხმარებლებისთვის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს, ევროკავშირის მთავარი მიზანი კი, 2050 წლისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების სრულად შეწყვეტაა.