ამერიკა უკრაინისთვის დახმარებას აგრძელებს. შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების გამოყოფა დაადასტურა. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის დახმარების პროგრამა 2028 წლამდე გახანგრძლივდება.
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის დახმარებას გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა "უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები" მიიღო, მათ შორის "კარგი სიგნალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან" და ევროპელი მოკავშირეებისგან.
"მივიღეთ პოზიტიური პოლიტიკური სიგნალები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისგან. ყველა ანგარიშის მიხედვით, დახმარების მიწოდება განახლდა. მომავალ კვირას გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე. კერძოდ, გენერალ კელოგთან," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.