აშშ-ში, ამჯერად, ნიუ-მექსიკის შტატი დაიტბორა. მუსონური წვიმებით გამოწვეული მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სიერა ბლანკას მთიანი სოფელი რუიდოსო ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოირეცხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნული სოფელი პოპულარული ტურისტული ადგილია.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიო-რუიდოზო კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები ჩარეცხა.
მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა რუიდოსოს რაიონში წყალში სულ მცირე 85 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის, საკუთარ სახლებსა და მანქანებში ჩარჩენილი ადამიანები სამშვიდობოს გამოიყვანეს.