20 ივნისი 2026,   10:27
ვრცლად
CNN-ი ტეხასში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს - სტიქიურმა უბედურებამ, შტატის მთელ ტერიტორიაზე, 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

განადგურებული საზაფხულო ბანაკის ტერიტორიაზე, მაშველებთან ერთად, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვების მშობლები პირველად შევიდნენ. ადგილზე მისულებს დატბორილ შენობებში გოგონების პირადი ნივთები დახვდათ.

კერის ოლქში მდინარე გვადალუპეს ნაპირთან მდებარე ""მისტიკის"" საზაფხულო ბანაკის ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები თერთმეტ დაკარგულ ბავშვს შლამსა და ქვა-ღორღის ფენებში ეძებენ. მიქაელი ""მისტიკში"" ოსტინიდან ჩამოვიდა, ის 8 წლის შვილს ლინის ბანაკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ეძებს.

სტიქიას ვერც ბანაკის 70 წლის ხელმძღვანელი რიჩარდ ისტლენდი გადაურჩა, მისი ცხედარი ავტომობილში სამ ბავშვთან ერთად იპოვეს, ადგილობრივი მედია, წერს, რომ წყალდიდობის დროს ის ტერიტორიიდან პატარების ევაკუაციას ცდილობდა.

სტიქიის ეპიცენტრში 750 ბავშვი იმყოფებოდა, განგაშის გამოცხადების შემდეგ ისინი ტერიტორიიდან მაშველებმა ავტობუსებით და ვერტმფრენებით გამოიყვანეს. თუმცა მდინარეში წყლის დონემ მოულოდნელად მატება დაიყო და ერთ საათზე ნაკლებ დროში 8 მეტრით აიწია. სამაშველო ოპერაცია წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, ღამით ხილვადობა შეზღუდული იყო, რის გამოც მოვარდნილმა წყალმა 27 ადამიანი იმსხვერპლა. უმეტესობა ბავშვია.

კერის ოლქთან ერთად, წყალდიდობამ ტეხასის ცენტრალურ ნაწილს გადაუარა. სამაშველო ოპერაცია 19 სხვა და სხვა ადგილზე მიმდინარეობს, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მაშველები ზოგიერთ ლოკაციაზე შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. შტატში მობილიზებულია სახელმწიფო სააგენტოების პერსონალი, 1750 მეხანძრე მაშველი და 975 სპეციალური ტექნიკა.

სტიქიურმა უბედურებამ შტატის მთელ ტერიტორიაზე სხვა და სხვა დასახლებაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ათასობით საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დატრიალებულმა ტრაგედიამ ტეხასის მოსახლეობა გააერთიანა. მოქალაქეები დაზარალებულების დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას და სამძებრო სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობას აგროვებენ.

მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს CNN-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში კერის ოლქში წყალდიდობის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნის არაერთი მცდელობა, ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩაიშალა, ამ მიზეზით წყალდიდობის ეპიცენტრში სირენების საშუალებით განგაშის გამოცხადება შეუძლებელი გახდა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები