იარაღიდან გასროლა საგარეჯოში, ალექსი ახვლედიანის სახლში სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალში" სწორედ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის საცხოვრებელი სახლიდან, დაახლოებით ღამის 2 საათზე გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. შემთხვევიდან მალევე, საგარეჯოში ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. გამთენიის 7 საათისთვის კი რიჟვაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
კახეთში მომხდარი ინციდენტიდან მალევე, "პრაიმტაიმმა" თორნიკე რიჟვაძის, სავარაუდოდ გასროლამდე გაკეთებული ჩანაწერის მოკლე შინაარსი გაასაჯაროვა. მალევე, ტელეკომპანია "იმედმა", წყაროზე დაყრდნობით წერილის სრული ვერსია გაავრცელა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. ამბობს, რომ იარაღი ახვლედიანის დაუკითხავად აიღო, ბრალდებებში უდანაშაულოა და ოჯახის დაცვას პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს. საქმეში წერილის არსებობა დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ ტექსტს კალიგრაფიული ექსპერტიზა უტარდება.
საგარეჯოში მომხდარი გასროლა სავარაუდოდ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი იარაღიდან მოხდა. რიჟვაძესა და ახვლედიანს შორის სავარაუდოდ ნათესაური კავშირიც არსებობს. ინციდენტიდან მალევე, პოლიციამ ის დააკავა. საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის
115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
ალექსი ახვლედიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. მაღალჩინოსანი საგარეჯოს პოლიციის განყოფილებიდან თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. მასთან უკვე იმყოფებოდა ადვოკატიც. ახვლედიანის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და საგარეჯოში მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.
რა მოხდა საგარეჯოში 7 ივლისის ღამეს - ამ კითხვაზე უფრო ზუსტ პასუხებს გამოძიებას სავარაუდოდ, თავად რიჟვაძე და ახვლედიანი გასცემენ. ბრალდებებს კორუფციისა და დანაშაულის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხშირად უყენებდნენ. თვეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის", "ახალისა" თუ "ლელოს" წევრების მხრიდან თორნიკე რიჟვაძის მისამართით - საბიუჯეტო სახსრების მითვისების, ასეულობით მილიონის კორუფციული გზით დაუფლების, ე.წ. ქოლცენტრებისა და უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემის შესახებ კეთდებოდა განცხადებები.