
რუსული უპილოტო საფრენი აპარატები და ბალისტიკური რაკეტები, უკრაინის ცაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებში განგაშის სირენების ხმა ჩაირთო.
ოკუპანტის სამიზნე უცვლელია - მშვიდობიანი მოსახლეობა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შედეგად - 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინას თავს კიდევ ერთხელ დაესხმებოდა, იყო სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის. კრემლის ლიდერმა ამერიკელ კოლეგასთან წითელი ხაზი კიდევ ერთხელ გაავლო და თქვა, რომ გაჩერებას არ აპირებს. კომუნიკაციით უკმაყოფილო დარჩა თავად შტატების 47-ე პრეზიდენტი.
ჯერ უცნობია რას ფიქრობს თავად რუსეთის პრეზიდენტი 1 საათიან სატელეფონო საუბარზე, არც ის ვიცით, პირველმა რომელმა ლიდერმა დაკიდა ყურმილი. შემდგარ კომუნიკაციაზე პუტინის ნაცვლად, დღეს მისმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მოსკოვში ახლა ამბობენ, რომ რუსული-უკრაინული კონფლიქტისთვის დიპლომატიას სივრცე ჯერ კიდევ დარჩა, თუმცა, მოლაპარაკებების დასრულებამდე , კრემლი სამხედრო სპეცოპერაციას გააგრძელებს.
სანამ მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთთან სატელეფონო ხაზზე არიან, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს ღიად სთხოვს, კრემლს სანქციები დაუწესონ.
ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მოსკოვსა და კიევს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უშედეგოდ დასრულდა. ომის დაწყებიდან 1226 დღის შემდეგაც კი, მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისევ ვერ ახერხებენ.