სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში ყოველწლიური საინფორმაციო კამპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებით გახსნა. მინისტრმა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების - განჯალას, კაბალის, ყარაჯალას და უზუნთალას მოსახლეობას კამპანიის უმთავრესი მიზნები და მათთვის შექმნილი შესაძლებლობები გააცნო.
ამასთან, შეხვედრებზე თეა ახვლედიანმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არაქართულენოვანი მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანაა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით ხორციელდება.