ბაქოში სპეცოპერაცია ახლაც გრძელდება. განსაკუთრებული ოპერატიული ღონისძიებები რუსეთის მოქალაქეების დასაკავებლად დაიგეგმა. ნარკოდანაშაულის და კიბერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულები აზერბაიჯანელმა ძალოვნებმა პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ახლა ისინი გამოძიების დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.
აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული ორი დანაშაულებრივი დაჯგუფების სამოქმედო სქემა გაშიფრეს, ოფიციალური ინფორმაციით, მათ ირანიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აზერბაიჯანში შეჰქონდათ. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ ეჭვმიტანილები ნარკოტიკის ქვეყანაში შეტანის შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახორციელებდნენ.
ნარკომოვაჭრეებთან და თაღლითებთან ერთად ბაქოში ФСБ-ს ორი აგენტი დააკავეს, სპეცოპერაცია ქვეყნის დედაქალაქში, რუსეთის სახელმწიფო მედიის ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერატიული ღონისძიებების შემდეგ სულ Sputnik-ის შვიდი თანამშრომელი აიყვანეს. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის საქმეზეა დაწყებული.
აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეების დაკავებების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს და ოფიციალური ბაქო რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განზრახ დაზიანებაში დაადანაშაულეს. მოსკოვის მხრიდან ბაქოსთვის წაყენებული ბრალდებების სია გრძელია
ამავე განცხადებით მოსკოვი არ ემიჯნება და კანონიერად მიიჩნევს რეიდებს, რომელიც ეკატერინბურგში ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩატარდა. გასულ კვირას რუსეთის ძალოვნებმა აზერბაიჯანელი მოქალაქეების სახლები დაარბიეს, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია ორი ადამიანი. დაკავებულია ორმოცდაათი ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მათი ნაწილი სასტიკადაა ნაცემი.
ცემით მოკლულები ღამით აზერბაიჯანში გადაასვენეს. ცნობილია მათი ვინაობა ისინი ძმები გუსეინ და ზიადინ საფაროვები არიან. აზერბაიჯანში ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზა, რომლის დასკვნით ძმები რუსეთში პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ცნობილია, რომ გუსეინს ეკატერინბურგის პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდნენ ზიადინს კი პოლიციის მანქანაში.
აზერბაიჯანის პროკურატურა გამოძიებას "რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი სააგენტოების პოლიციელების მიერ აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და ეთნიკურად აზერბაიჯანელების წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით განგებ მკვლელობას" საქმეზე აწარმოებს.