150 გვერდიანი სამთავრობო პროგრამიდან, რომელიც მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკა დაასახელა. ირაკლი კობახიძემ კანონმდებლებს დეტალურად გააცნო განვლილი წლის მონაცემები. ითქვა, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 % შეადგინა. 2025 წლის განვლილ პერიოდში კი, იგივე მაჩვენებელი უკვე 8.8 %-ია. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარების მაჩვენებელია ქვეყნის ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება. მაგალითად, თუ 2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე 4 300 დოლარი იყო, 2024 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 9 140 დოლარს მიაღწია.
პრემიერის თქმით, ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირების მიმართულებით ისტორიული შედეგების მიღწევას უზრუნველყოფს. მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში 185 000 - ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის მიმართულებით, 2028 წლისთვის განსაზღვრული გეგმა გაახმოვანა.
ეკონომიკური მიმართულებით დასახული ამოცანების შესრულებას, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კეთილსინდისიერი საჯარო მმართველობა და კორუფციის არარსებობა განაპირობებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანას კიდევ ერთი ამბიციური გეგმა აქვს - კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო სამეულში მოხვედრა. კორუფციასთან და ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთ-მთავარ პრიორიტეტად რჩება.
ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას აქცენტი ისევ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, ევროინტეგრაციასა და ჩინეთთან პარტნიორობაზე გაკეთდა.
მშვიდობა, "ქართული ოცნების" მთავარ მონაპოვრად და მისი შენარჩუნება კი, მთავარ გამოწვევად დასახელდა.
პრემიერმა თავის გამოსვლაში იმ კონკრეტულ ჯგუფებზეც ისაუბრა, რომლებიც გარე დაფინანსებით დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არსებული რისკები, ორი მთავარი ოცნების შესრულებას ხელს ვერ შეუშლის.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს, საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე წარუდგინა.