ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მოთხოვნით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, სამართლებრივი დავა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთი დავის ფარგლებში, რომელიც თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია "თიბისი კაპიტალთან" არის დაწყებული, სასამართლომ მოპასუხე კომპანიის ქონების და აქციების ნაწილს ყადაღა დაადო.
"კურიერმა" მოსამართლის ბოლო განჩინება მოიპოვა.
დაყადაღებული მილიონები იმ თანხის ექვივალენტია, რომელიც ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მტკიცებით, 2017 წელს "თიბისი კაპიტალის" შუამდგომლობით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებულ საბოსტნე მეურნეობაში ჩადო. სამტრედიაში დაფუძნებული "იმერეთი გრინერი" არასანდო კომპანია აღმოჩნდა, მათ შორის საპარტნიორო ფონდისთვის. ფონდმა კომპანია გათვლილ დროზე ადრევ დატოვა და გადახდისუუნაროდ გამოაცხადა.
საპარტნიორო ფონდმა გაკოტრებული "იმერეთი გრინერის" გაყიდვით, მასში ჩადებული თანხა ამოიღო, რაც ვერ შეძლეს ინვესტორებმა, მათ შორის ალექსანდრე ამაშუკელმა. მან სასათბურე მეურნეობის ობლიგაციებში 1 მილიონ 450 ათასი დოლარი ჩადო და უკან ვეღარ დაიბრუნა. ადვოკატის მტკიცებით, ობლიგაციების შეძენის დროს, სათბურს უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა და შუამავალმა "თიბისი კაპიტალმა" ბიზნესმენს ეს ინფორმაცია დაუმალა. სასამართლოში შეტანილი სარჩელით ბიზნესმენი თანხის დაბრუნებას ითხოვს. მოპასუხე "თიბისი კაპიტალს" 3 მილიონი ლარის ანაბრის დაყადაღებამდე, სასამართლომ სხვა აკრძალვები დაუწესა.
რა პოზიცია აქვს სასამართლოს მიერ დაყადაღებულ "თიბისი კაპიტალს" - "კურიერს" კომპანიამ წერილობითი განმარტება მიაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ "თიბისი კაპიტალს" დავით, საკუთარი ინტერესით გადაწყვეტის მოლოდინი აქვს.
სამოქალაქო დავის პარალელურად, ბიზნესმენ ამაშუკელის მოთხოვნით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესითაც. ბიზნესმენი თავს თაღლითობის მსხვერპლად მიიჩნევს და პროკურატურა რამდენიმე თვის წინ მიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, ფინანსურ დანაშაულზე ძიება ფინანსურ პოლიციაში გრძელდება.
კურიერი ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარზე უარი თქვეს. სავარაუდო თაღლითობის საქმეზე გამოძიება კი პირველად შედეგებს სავარაუდოდ მალე გამოაქვეყნებს.