11 აგვისტო 2026,   00:45
ვრცლად
NATO-ს სამიტი და ახალი დეკლარაცია - რა წერია დოკუმენტში, რომელიც წინა წლების დეკლარაციებისგან მკაფიოდ განსხვავდება

"ჩვენ ერთად ვდგავართ" - ამ სიტყვებით მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე 32 სახელმწიფოს ლიდერს და შეკრებილებს, ხელმოსაწერად, ხუთპუნქტიანი დეკლარაცია წარუდგინა.

მრგვალი მაგიდის გარშემო, წევრმა სახელმწიფოებმა, წელს ერთადერთი პლენარული სესია ჩაატარეს, რომელიც ორი საათი და 30 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც გამოქვეყნდა მიღებული დეკლარაცია. დოკუმენტში წერია, რომ მოკავშირეებმა ვალდებულება აიღეს 2035 წლისთვის, ყოველწლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის 5% თავდაცვაში დახარჯონ.

დეკლარაცია განსხვავდება გასული წლების განმავლობაში მიღებული დოკუმენტებისგან. ნახსენებია უკრაინის სამხედრო სფეროს ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა, თუმცა არაფერი წერია NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ.

NATO-ს წინა სამიტებზე მიღებული დეკლარაციებისგან განსხვავებით, წელს რუსეთის მიმართ შერბილებული ფორმულირებებია გამოყენებული. კერძოდ: ტექსტში არ არის ნახსენები უკრაინაში რუსეთის შეჭრა და არც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია დაგმობილი. რუსეთი ტექსტში მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული და ალიანსისთვის საფრთხედ სახელდება.

NATO-ს სამიტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს დახურულ კარს მიღმა 45 წუთის განმავლობაში ესაუბრა. შეხვედრის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

უკრაინის საკითხზე პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ამერიკის პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპმა გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი იქნებოდა, ომი არასდროს დაიწყებოდა. ტრამპი აცხადებს, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ჰააგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით უკრაინა NATO-სგან 35 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, თუმცა, მედია წერს, რომ ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი, შეერთებული შტატების ნაცვლად, ევროპის ქვეყნებიდან და კანადიდან იქნება.

დღის ამბები