298 კილოგრამი ჰეროინის კადრები საბაჟო ტერმინალზეა გადაღებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი, პოლიციამ სატვირთო ავტომობილის სამალავიდან ამოიღო.
ჰეროინით დატვირთული ავტომობილი ბათუმში გამთენიისას შევიდა. ამ დროს პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია საეჭვო ტვირთზე უკვე ჰქონდა. სამართალდამცველებმა სატვირთო შეაჩერეს, მისაბმელი გახსნეს და აგურის ბუტაფორიებში საგულდაგულოდ შეფუთული ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ჰეროინი 600 კონტეინერში იყო გადანაწილებული.
298 კილოგრამი ჰეროინი ე.წ. შავ ბაზარზე 85 მილიონ ლარად არის შეფასებული.
ნარკოდანაშაულის ორგანიზატორები ჰეროინის გამოგზავნამდე საგანგებოდ მოემზადნენ. საბაჟო დოკუმენტაცია ისე მოამზადეს, რომ საბუთში ტვირთად ცეცხლგამძლე აგური იყო მითითებული.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის გადაადგილების მარშრუტი მალევე დაადგინეს. საერთაშორისო ნარკოტრეფიკის გზა სომხეთიდან დაიწყო და ევროპაში უნდა დასრულებულიყო.
საერთაშორისო ტრანზიტით ჰეროინის გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. ის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ნარკოტიკით დატვირთულ სატვირთოს მართავდა.
მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს. მინისტრის მოადგილემ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ დაგეგმილ და ჩატარებულ ოპერაციას უპრეცედენტო უწოდა.
ჰეროინის მასშტაბური რაოდენობის საქმეზე დღის ბოლოს განცხადება გაკეთდა გენერალურ პროკურატურაში. საგამოძიებო უწყებაში ის სახელმწიფო დაასახელეს, სადაც ჰეროინით დატვირთული სატვირთო უნდა ჩასულიყო. ირკვევა, რომ დანიშნულების ბოლო წერტილი ნიდერლანდების სამეფო უნდა ყოფილიყო.
ნარკოტრეფიკის ფაქტზე დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ავტომობილის მისაბმელში მოთავსებულ ჰეროინზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მოსამართლემ დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ჰეროინით დატვირთული სატვირთო საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას - "რილს" ეკუთვნის. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კამერებთან დღეს საუბარი არ ისურვეს.
ჰეროინის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ნარკოტრეფიკის ფაქტზე, მხოლოდ ერთი პირი, საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების ვინაობაც დაადგინონ და დააკავონ.
სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულ ჰეროინს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ახლა ექსპერტიზა უტარდება.
"ჰეროინის" საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვა, საქართველოში შემოტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, მძიმე დანაშაულია და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.