საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის გასაღები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გზამკვლევშია, რომელმაც საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობის აღდგენის გზა უნდა უჩვენოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან წლების წინ დაწყებული და დროებით შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად, ირაკლი კობახიძეს, სურვილთან ერთად მზაობაც აქვს, რომ თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და ორმხრივ ინტერესებზე ორიენტირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამერიკა-საქართველოს ძველი ურთიერთობის განახლებაში, მნიშვნელოვანი როლი ახალმა ელჩმა უნდა ითამაშოს.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებაზე გადის.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მილოცვა ქართველ კოლეგას, ამერიკელი სენატორის ვიზიტი საქართველოში, ახალი ადმინისტრაციის აგრემანი - მმართველი გუნდი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების პერსპექტივებზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიას, იმედს, ორი ქვეყნის ხელისუფლებების ღირებულებათა თანხვედრა აძლევს.
თითქმის 7 თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი ეყოლება - აგრემანი უკვე გადმოცემულია. ელჩის პოზიციას თამარ ტალიაშვილი დაიკავებს. ტალიაშვილი, წლების განმავლობაში, "ქართულ ოცნებას" საკრებულოსა და პარლამენტში წარმოადგენდა, იყო პოლიციის აკადემიის პრორექტორი, 2022 წლიდან კი საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში.
ავტორი: ნანა გოგატაძე