კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ის უწყებაშია დაბარებული.
მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც ის გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიდეო, რომელიც გუშინ იოსელიანმა გაავრცელა, იძულებით ჩააწერინეს.
"ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული, ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.