უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში ომში მყოფი ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვსა და ტულას უტევდნენ. დაზიანებულია რუსული ინფრასტრუქტურა.
თავდასხმებს განაგრძობს ოკუპანტიც. კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქები ისევ კრემლის სამხედრო შეტევების მთავარი სამიზნეა. მოსკოვი კიევს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გამწვავებული ვითარების ფონზე, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება კვლავ მთავარ მიზნად რჩება.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის არცერთი ფორმა არ უნდა შემსუბუქდეს.
"მსოფლიოში რასაც არ უნდა ამბობდნენ, რუსული თავდასხმები არ არის საპასუხო ღონისძიება, ის უკრაინის განადგურებისკენაა მიმართული. სიცოცხლის სრული განადგურება - ესაა მათი მიზანი. ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იციან, რას ნიშნავს რუსეთის ექსპანსია სინამდვილეში. ოკუპანტებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინიდან ყველა რეალური ფასეულობის წაღება სურთ. 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებს, უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ახალი რამ მოიტანა - ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთზე ზეწოლის შესუსტება. რუსები ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და უგულებელყოფენ ყველა სამშვიდობო წინადადებას. ამის გამო მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ავტორი: ლუკა ჩანგელია