პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდით საქართველო მოწინავეა არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ეკონომიკური წინსვლა კი პირდაპირ აისახება დასაქმებულთა რაოდენობასა და საშუალო ხელფასის ზრდაზე. მხოლოდ აპრილში, 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
სიღარიბის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა, საშუალო ხელფასი კი 3 500 ლარზე მეტი - პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს 2028 წლის საპროგრამო ამოცანაა. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასახული ამოცანების შესრულება, სავსებით რეალურია.
უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ადასტურებს ვიცე-პრემიერიც. ლევან დავითაშვილმა "ჯინის" ინდექსი ახსენა, რაც დაგროვებული ქონების საზოგადოებაში გადანაწილების მაჩვენებელია. ამ ინდექსის ზრდა, მინისტრის შეფასებით, ეკონომიკის ინკლუზიურობის ხარისხს ზრდის.
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ოპოზიციაში.
"ქართულ ოცნებაში" კი, მთავრობის გონივრულ მონეტარულ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ სტაბილური ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხ თვეში საქართველოში, ეკონომიკურმა ზრდამ - 8,8 % შეადგინა.