23 აგვისტო 2026,   22:08
ვრცლად
ადვოკატების მტკიცებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია - მმართველი გუნდი კი, ოპოზიციას რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებს

კადრების მიუხედავად, რომელშიც კარგად ჩანს, რა ფორმით აყენებს ნიკა მელია მოსამართლეს შეურაცხყოფას, ადვოკატის მტკიცებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. საუბარია 30 ივნისს, სასამართლოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, რის გამოც შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. მელიას ინტერესების დამცველი მოსამართლისთვის წყლის შესხმის ეპიზოდზე კონკრეტულ სამართლებრივ საუბარს ერიდება.

ნიკა მელიას საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის მინიჭება სპეკულაციურად ჟღერს მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის წარსულიც გაიხსენეს. თქვეს, რომ პრობაციონერის სამაჯურის მოხსნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობა, გირაოს არგადახდა - მელიას რადიკალურ მიდგომებს ადასტურებს.

"ახალის" თანათავმჯდომარეს სასამართლოს შეურაცხყოფას უწონებენ კოლეგები. ხელისუფლების ოპონენტები პროცესზე მოსამართლისთვის წყლის შესხმას, პოლიტიკური პროტესტის ნაწილად მიიჩნევენ.

ოპოზიციას რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით უნდა დაისაჯოს.

ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს. ახალი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-წლიანი პატიმრობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმის გადახდა მოუწევს.

დღის ამბები