24 აგვისტო 2026,   00:52
ვრცლად
როგორ აღინიშნა პოლიციელის დღე საქართველოში - პროფესიული დღე სამართალდამცველებს პირველად, პირველმა პოლიციელმა მიულოცა

პოლიციელებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრადიციულად სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების აღლუმი მოეწყო. პროფესიული დღე სამართალდამცველებს პირველად, პირველმა პოლიციელმა მიულოცა. გელა გელაძემ სიტყვა მადლობით დაიწყო. დადო პირობა, რომ თითოეული პოლიციელის ღირსებას დაიცავს.

პირველი პოლიციელის შემდეგ, ტრიბუნა უმაღლესმა მთავარსარდალმა დაიკავა. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება, სამართალდამცველების მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებულზე გაამახვილა.

პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე - ამ სიტყვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სამართალდამცავი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს.

პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ძალადობა ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიან პროტესტს და ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია.

მადლობასთან ერთად, დღეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მიიღო.

საზეიმო ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილმა და გელა გელაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და მამაცობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვეს.

პოლიციელის პროფესიული დღე საქართველოში ყოველ წელს, 31 მაისს აღინიშნება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები