თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. საუბარია საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე. როგორც მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმის ფარგლებში შეფარდებული 50 000 ლარიანი გირაო პოლიტიკოსმა მიზანმიმართულად არ გადაიხადა.
როგორც პროკურორი აცხადებს, საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო.
"ჩვენ 29 დღის განმავლობაში ნიკანორ მელიასგან პოზიციას ვისმენდით, რომ იგი გირაოს ოდენობის გადახდას არ აპირებდა, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა. ბუნებრივია, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო. საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო, ვინაიდან მან სასამართლოს განჩინება უგულებელყო, არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება,"- აცხადებს პროკურორი ნათია თათიაშვილი.
განსხვავებული იყო დაცვის პოზიცია, რომელიც ნიკა მელიას საჯარო განცხადებების მიუხედავად ამტკიცებდა, რომ მას შესაძლოა თანხა ბოლო საათებში გადაეხადა, თუმცა ის ვადის გასვლამდე ცოტახნით ადრე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა მელია არ დასწრებია, მან იქამდე მოსამართლეს წყალი შეასხა და დარბაზიდან გააძევეს. ამ ფაქტის შემდეგ იყო ხმაური, რომელიც დერეფანშიც გაგრძელდა.