09 ივნისი 2026,   01:44
ვრცლად
"კურიერმა" სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია - ბრალდებულები სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკს, ქუჩაში, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით ყიდდნენ

ნარკოდანაშაულის ფაქტზე ბრალდებულის ოჯახს საუბარი არ სურს. როლანდ ილაშვილის მამამ შვილის დაკავების შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები "კურიერმა" გაარკვია. 35 წლის მამაკაცი პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა. დაკავების ადგილზე ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები და ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი."

"კურიერის" ინფორმაციით, "ბუპრენორფინი" ამოიღო პოლიციამ ჩხრეკისას, კიდევ ერთი ბრალდებულის შალვა ჭაბაშვილის სახლიდან.

52 წლის მამაკაცის დასაკავებლად პოლიციელები წნორში რუსთაველის ქუჩაზე იყვნენ მობილიზებულები. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას ბევრი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა ადგილობრივები დანაშაულის დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ.

კახეთის გარდა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები თბილისში და ვანშიც ჩატარდა. დაკავებულებს შორისაა ერაყის მოქალაქე.

დაკავების ღონისძიებამდე, სამართალდამცველებმა მტკიცებულებები მოიპოვეს. გადაღებულია ფარული კადრები, სადაც გამოძიების ინფორმაციით ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულებები.

მასალის მიხედვით, ბრალდებულები სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკს, ქუჩაში, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით ყიდდნენ.

ის პირები, რომლებიც საკონტროლო შესყიდვის ამ კადრებში ჩანან, გამოძიების ინფორმაციით უკვე დაკავებულები არიან . მათ საცხოვრებელ სახლებში და ავტომობილებში ჩატარდა ჩხრეკა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია "ბუპრენორფინი", "ალფა პევეპე" და "მარიხუანა."

ბრალდებულები სასამართლომ, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების უმეტესობა რეალიზაციის ფაქტს უარყოფს და მხოლოდ მოხმარებას ადასტურებს.

ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება, ნარკოტიკის შეძენა შენახვა რეალიზაციის მუხლით გრძელდება. ბრალი 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები