09 ივნისი 2026,   01:44
ვრცლად
ჰოლივუდური სცენარით ჩადენილი ძარცვა და მოსკოვიდან მიღებული დავალება - ლიეტუვის სასამართლოში მიხეილ ზამთარაძემ დანაშაულიც აღიარა და დამკვეთიც დაასახელა

თბილისში, ანტიკვარული და ძველი ნივთების ბაზრობაზე მიხეილ ზამთარაძეს ბევრი იცნობს. მამაკაცს აქ ხშირად ხედავდნენ. მისი ინტერესის საგანი ძირითადად რარიტეტული წიგნები იყო. ახლა ის ვილნიუსის პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შუახნის მამაკაცმა ლიეტუვის მთავარი ბიბლიოთეკა ჰოლივუდური სცენარით გაძარცვა. წაღებულია მე-19 საუკუნის იშვიათი გამოცემები. მიხეილ ზამთარაძემ 17 წიგნი ყალბი ასლებით ჩაანაცვლა და მხოლოდ ვილნიუსის ბიბლიოთეკას, ჯამში, 600 ათასი ევროს ზარალი მიაყენა.

ლიეტუვის სასამართლოში მიხეილ ზამთარაძემ დანაშაულიც აღიარა და დამკვეთიც დაასახელა. ამბობს, რომ მე-19 საუკუნის რუსი კლასიკოსების წიგნების ქურდობის დავალება მოსკოვიდან მიიღო.

"კურიერი P.S-მა" მიხეილ ზამთარაძის ჩვენებაში ნახსენები დამკვეთი მოსკოვის ერთ-ერთი აუქციონის სახლის ვებ-გვერდზე აღმოაჩინა. მაქსიმ ციპრინი ძველი და იშვიათი წიგნების კოლექციონერია, რომელიც ხშირად მონაწილეობს აუქციონებში. მას წერილი და კითხვები მეილზე გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მაქსიმ ციპრინის მიერ დანაშაულის სავარაუდო დაკვეთა მხოლოდ ვილნიუსის ბიბლიოთეკით არ შემოიფარგლებოდა. პუშკინი, ლერმონტოვი, დოსტოევსკი, გოგოლი - ეს იმ რუსი კლასიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მძარცველები მთელი ევროპის მასშტაბით ნადირობდნენ. პარიზი, ჟენევა, ვარშავა, ტარტუ, მიუნხენი - ამ და სხვა ქალაქებში მოქმედი ქართველების დაჯგუფება უიშვიათეს წიგნსაცავებს ერთმანეთის მიყოლებით ძარცვავდა.

მიხეილ ზამთარაძის პერსონა კარგად არის ცნობილი ქართველი სამართალდამცველებისთვისაც. მას მალე ბრალდებას საქართველოშიც წარუდგნენ. ინფორმაცია "კურიერი P.S-ს" პროკურატურაში დაუდასტურეს. გამოძიებას აქვს მტკიცებულები, რომელიც ასახავს, თუ როგორ აძლევს დანაშაულებრივ ინსტრუქციებს მიხეილ ზამთარაძე საქმის კიდევ ფიგურანტს, რობერტ ცატუროვს. ცატუროვი ერთ-ერთია იმ ხუთ ბრალდებულს შორის, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს.

"კურიერი P.S.-ი" თბილისში, რობერტ ცატუროვის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახი კამერების წინ არ ჩნდება, თავად ცატუროვი კი უნიკალური წიგნების ქურდობისთვის 5-წლიან სასჯელს საქართველოში იხდის. იგივე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და - ძმას - მათე და ქრისტინე ცირეკიძეებს, ასევე მათ მეგობარს, ბესიკ ახალაშვილს. ცირეკიძეების მამა, ბექა ცირეკიძე კი ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობისთვის სასჯელს ესტონეთის ციხეში იხდის.

ადვოკატის მტკიცების მიუხედავად, პროკურატურა ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა. მათ შორის, ბრალდებულების ჩხრეკისას, ამოღებულია ევროპაში მოპარული მე-19 საუკუნის გამოცემები.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკიდან მოპარული უნიკალური წიგნები რუსეთის აუქციონებზე აღმოაჩინეს. ბიბლიოგრაფები ამბობენ, რომ ეს იშვიათი გამოცემები საბოლოოდ მდიდარი რუსი კოლექციონერების ხელში ხვდება.

ვილნიუსში დაკავებული მძარცველთა დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ ზამთარაძეს ლიეტუვაში 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება, საქართველოში კი ბრალდებას რამდენიმე დღეში, დაუსწრებლად წარუდგნენ.

დღის ამბები