კამერაზე აღბეჭდილი რეალობა, რომელიც განაჩენად იქცა. ფოტოგრაფების შემზარავი ისტორია პროფესიული მოვალეობის შესრულებით იწყება. ირაკლი გედენიძე 14 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. ჰყვება, როგორ აიძულებდნენ, გათხრილ საფლავთან, არარსებული ბრალი ეღიარებინა.
ყველაფერი 2011 წლის 26 მაისის აქციით დაიწყო - მაშინ, როცა ფოტორეპორტიორმა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას დასახიჩრებული ადამიანების ამსახველი მასალა გადაიღო. ირაკლი გედენიძემ ფოტოები REUTERS-ს მიაწოდა, სადაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნებართვით და შეთავსებით მუშაობდა. კადრების გავრცელებიდან თითქმის თვე-ნახევრის შემდეგ, 7 ივლისს, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გათხრილ საფლავთან აღიარების მოთხოვნით მუქარა გამონაკლისი არ ყოფილა. უსწორდებოდნენ ფიზიკურად და მუშაობდნენ გამოგონილი ბრალის რამდენიმე ვერსიაზე, მათ შორის - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და ქართული ჯარის ღალატზე.
ცოლით მუქარამ გაჭრა - ირაკლი გედენიძემ ჯაშუშობის ბრალი აღიარა. გამოგონილი ბრალდების აღიარება მოუწია მის მეუღლესაც. ნათია გედენიძე ე.წ. მოდულის შენობიდან 48-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.
ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი ფოტოგრაფი გათავისუფლების შემდეგ მალევე, მაშინდელ პრეზიდენტს, შემთხვევით, ლაშქრობისას გადაეყარა. მასთან საუბრის დაწყების ინიციატორი სააკაშვილი იყო, რომელმაც მომხდარზე დამნაშავის ძიება საკუთარ გუნდში დაიწყო.
გედენიძეები გამონაკლისები არ ყოფილან. ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს მათი კოლეგები - გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე, რომლებმაც საერთაშორისო პრესას სისხლიანი ღამის ფოტოები მიაწოდეს. საგამოძიებო კომისიის წინაშე გიორგი აბდალაძემ დეტალურად გაიხსენა 26 მაისის აქციის დარბევა და პირობები, რომელშიც გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ იმყოფებოდა. ფოტორეპორტიორი ჰყვება, როგორ ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციით.
ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები მხოლოდ 26 მაისის საქმეში არ ფიგურირებენ. საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე კვირაში, კიდევ ერთი, გახმაურებული საქმის დაზარალებულებს მოუსმინა - "ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე". 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმმა 3 ახალგაზრდა: 17 წლის მურად გორგაძე, 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე საკონტროლო გასროლით მოკლა. მაშინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი კუდ-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძის ბრძანებით, ფონიჭალაში საკუთარ მანქანაში ჩაისვა და ნავთლუღში მიიყვანა. შვილის მკვლელობა 19 წლის შემდეგ, საგამოძიებო კომისიასთან მიხეილ ართმელაძემ გაიხსენა.
დათა ახალაია ფიგურირებს 26 მაისის საქმეშიც. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ბრალი რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე აქვს წარდგენილი.
ფოტოგრაფების საქმეზე სულ 5 რეპორტიორი დააკავეს. მათგან Associated Press-ის ჟურნალისტი შაჰ აივაზოვი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ნათია გედენიძე ე.წ. მოდულის შენობიდან 48 საათში გამოუშვეს, დანარჩენები კი დატოვეს. მოგვიანებით, პატიმრობაში მყოფებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
მომხდარიდან 7 წლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები უდანაშაულოდ ცნო, ორი წლის წინ კი საქალაქო სასამართლომ მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო. დამკვეთები ჯერ არ გასამართლებულან.
26 მაისი - დღე, რომელიც ფოტოგრაფებმა, აქციის მონაწილეების სისხლიანი სახეებით მსოფლიოს დაამახსოვრეს, დაამახსოვრდათ თავადაც. სისასტიკის ნაკვალევი წლების შემდეგაც არ ქრება, მაგრამ იცვლება დეტალები. ახლა ირაკლი გედენიძე ისევ მოქმედი ფოტოგრაფია, ისევ სააკაშვილს იღებს, რომელიც უკვე ყოფილია და თან - გისოსებს მიღმა.